4:33 PM ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (XII-XIIIსს.) | |
![]() ყინწვისის კომპლექსი მოიცავს წმიდა ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიებს, გალავანი, კოშკი, სამრეკვლო. სამონასტრო ცხოვრება X ს-დან აქტიურად მიმდინარეობდა, XIX ს-ში შეწყდა და 1997 წლის 22 მაისს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აქ მამათა მონასტერი ამოქმედდა. ![]() მსოფლიოში აღიარებულია, რომ ყინწვისის XII-XIII საუკუნის მხატვრობა უნიკალურია. წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი აგურითაა ნაგები, ამიტომ არა აქვს ქართული ტაძრებისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმები. ტაძარს სამი შესასველი აქვს – ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის. შენობა შიგნით თავიდანვე შეულესავთ და მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. ფონისთვის გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი, შარავანდებისათვის – ოქრო. ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები – მეტყველი. ყველა სცენის შინაარსს თუ წმინდანის ვინაობას განმარტავს ქართული ასომთავრული წარწერები. ![]() მოხატულობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩრდილოეთი კედლის (შესასვლელიდან მარცხნივ) ქვედა რეგისტრში გამოსახული ბაგრატიონთა გვარის მეფეთა საზეიმო პორტრეტები: გიორგი III; მისი ასული თამარ მეფე, თამარის ვაჟი და მემკვიდრე გიორგი ლაშა ვედრებით მიმართულნი აღსაყდრებული ქრისტეს ხატისკენ. მათ ზემოთ გამოსახულია აღდგომის მაუწყებელი ანგელოზის ფიგურა, რომელიც ფერადოვნული და ხაზობრივი გადაწყვეტის დახვეწილობით შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების შედევრებს განეკუთვნება და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების სიმბოლო გახდა. სამეფო ჯგუფის პირისპირ, სამხრეთ კედელზე გამოსახულია ჭყონდიდელი და თამარ მეფის მწიგნობართუხუცესი ანტონ გლონისთავიძე, წმ. ნიკოლოზის წინაშე ვედრებით მიმართული ტაძრის მოდელით ხელში. ![]() ღვთისმშობლის ეკლესიის საკურთხეველშიც შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული მოხატულობა (XIII ს-ის შუა ხანა), რომელიც უნიკალური იკონოგრაფიული პროგრამით და მაღალი მხატვრული დონით გამოირჩევა. ![]() ეკლესიის ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავები მოკლე და თითქმის თანაბარია. დასავლეთ ფასადის ცენტრში მოურთავი სარკმელია. ჩრდილოეთის და სამხეთის ფასადები ერთნაირია. გუმბათის ყელზე თორმეტი უწყვეტი დეკორატიული თაღია, რომლებიც სარკმლების არეებს საზღვრავენ. 1964 წელს ჩატარდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის რესტავრაცია, ტაძრის მხატვრობა კი 1964-66 წწ. გაიწმინდა. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|