1:49 PM საღმრთო ლიტურგია ადამიანის სულს განწმენდს | |
"წმიდა ლიტურგია განასახიერებს განკაცებული უფლის – იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებას: შობას, ჯვარცმას, აღდგომასა და ამაღელებას. მასში უხილავად თვით უფალი მონაწილეობს და ღვთისმსახურების ხელით ყველაფერს თავად აღასრულებს.
ლიტურგია არის ყოველდღიური შეწირვა უფლისა ჩვენი ხსნისა და სამყაროს ხსნისათვის – ყოველთა და ყოვლისათვის. უფალი ლიტურგიაში თვითონ წირავს ჩვენთვის და ჩვენთან ერთად ასრულებს თავისი სისხლისა და სულის საიდუმლოს. ის დღემდე იკვლება ჩვენთვის და ამავე დროს, რჩება მოუკვლელად და უხრწნელად განღმრთობილი ხორცით თვისით, ღვრის თავის სისხლს, განტეხს თავის ხორცსა და ჩვენ გვაძლევს ცოდვათა მისატევებელად, განსაწმენდელად და ცხოვრებად საუკუნოდ,” – წმ. იოანე კრონშტადტელი.
ადამიანი ხშირად ვერ წვდება საღმრთო ლიტურგიის მნიშვნელობას, რომ წირვა-ლოცვაზე დასწრებით ისინი განსაკუთრებულ მადლს მიიღებენ და განიწმინდებიან. "თუ ქრისტიანი კვირაობით ეკლესიაში არ დადის, როგორღა განიწმიდება მაშინ იგი?” – აღნიშნავს ბერი პაისი მთაწმინდელი. წმიდა მამა იოანე კრონშტადტელის თქმით, "მთელი მსოფლიოს ძვირფასეულობა რომ შეაგროვოთ და სასწორის ერთ მხარეს დააწყოთ, მეორე მხარეს კი ლიტურგია დადოთ, საღმრთო ლიტურგიის მხარე გადაწონის. ადამიანს სანამ არ წაერთმევა ეს ბედნიერება, არ ესმის, რა განძის მფლობელი იყო. სამწუხაროდ, კაცი არ აფასებს არც მზეს, არც ჰაერს და არც სინათლეს. დადგება ბნელი, წაერთმევა ჰაერი და ვეღარაფრით შეძლებს სუნთქვას. მაშინღა დააფასებს ადამიანი იმას, რასაც ფლობდა და რაც დაკარგა. ის, ვისაც საშუალება აქვს, დაესწროს საღმრთო ლიტურგიას, წირვაზე არ დადის, ვინც დადის – ისიც უყურადღებოდ დგას, გაფანტული, ყოფითი საფიქრალი მოუტანია ტაძარში. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ კაცი არ უფიქრდება, რა არის ლიტურგია. ადამიანს არ ესმის მის თვალწინ აღსრულებული უდიდესი საიდუმლოს მთელი სიღრმე და სერიოზულობა. მაშინ, როდესაც სასწაულთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სასწაული სწორედ ის არის – საღმრთო ლიტურგია”. საღმრთო ლიტურგიაზე სრულდება წმ.ზიარების საიდუმლო, ანუ ევქარისტია – მსხვერპლშეწირვა მთელი მორწმუნე ერისათვის – როგორც ცოცხალთა, ისე გარდაცვლილთა ცოდვებისათვის. ეს უდიდესი საიდუმლო პირველად უფალმა ჩვენმა – იესო ქრისტემ აღასრულა საიდუმლო სერობისას. პირველ ლიტურგიას ასე აღგვიწერენ წმიდა მამები: ღმერთკაცის სახე განათებული იყო ზეციური ნათლით. მან აიღო მის წინ მდებარე პური, აკურთხა იგი, გადატეხა ნაწილებად, მოწაფეთა რიცხვის მიხედვით, და დაურიგა მათ; და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური, ბერძნულად – "არტოსი”, ქება აღავლინა თავისი ზეციური მამისადმი, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: "მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქუენთვის მიცემული; ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა” (ლკ. 22,19). მერე უფალმა აიღო სასმისი ღვინით, გააზავა იგი წყლით, აკურთხა ისევე, როგორც პური, ახალი, განსაკუთრებული კურთხევით "და მოიღო სასუმელი, და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა. ესე არს სისხლი ჩემი, არა სახე, არა გახსენება სისხლისა, არამედ ჭეშმარიტი და ნამდვილი ჩემი სისხლი ახლისა აღთქმისაი მრავალთათვის. ყველასათვის, ვინც კი ისურვებს შეუდგეს ცხონების საქმეს, დათხეული მისატევებლად ცოდვათა.” ასე დაწესდა საიდუმლო სერობაზე პირველი ლიტურგია იესო ქრისტესი. ახლაც შეიწირება ტრაპეზზე პური და ღვინო, ხოლო საღმრთო ლიტურგიაზე იგი ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაიქცევა. ადამიანებიც ქრისტეს სისხლისა და ხორცის ხმევით საღმრთო ბუნებას ვეზიარებით, რათა შემოვიდეს "სახლსა სულის ჩვენისასა” უფალი, და სულიც ღვთის ტაძრად იქცეს. "ლიტურგია – ეს ხიდია მარადიული ცხოვრებისაკენ გადებული. ეს ანდერძია იესო ქრისტესი! უბადრუკია ადამიანი, რომელსაც საღმრთო ლიტურგია ამა სოფლის ზმანებებზე გაუცვლია, რომელსაც ყოფითი საზრუნავი ტაძარში არ უშვებს. გიყვარდეთ ღვთის ტაძარი, ადგილი, სადაც მარადჟამ სუფევს უფალი. ეშურებოდეთ ეკლესიისკენ, განსაკუთრებით კი საღმრთო დღესასწაულებზე. იქ წმიდა ძღვენია ქრისტეს სისხლისა და ხორცისა, ჩვენი განმაძლიერებელი და სულთა განმწმენდელი. ეს სერობა და ლხინია, რომელზედაც თავისი მსახურების პირით გვიხმობს უფალი… დაკარგულად თვლიდეთ თქვენი ცხოვრების იმ დღეებს, როცა ლიტურგიაზე დასწრება ვერ შეძელით, ეს განსაკუთრებით დღესასწაულებს ეხება”, – წმ. იოანე კრონშტადტელი. ადამიანებს მოგვენიჭა უდიდესი ბედნიერება, საღმრთო სისხლისა და ხორცის გემოს ხილვისა. მადლობა შევწიროთ უფალს, რომ ღირსგვყოფს ვისმინოთ საღმრო ლიტურგია და შევიცნოთ მისი მაცხოვნებელი ძალა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |