მთავარი » 2011 » ნოემბერი » 20 » პატრიარქის სადღესასწაულო ქადაგება 13.11.2011
7:34 PM
პატრიარქის სადღესასწაულო ქადაგება 13.11.2011
 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.
 სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
 ჩვენთან არს ღმერთი!
 გილოცავთ ამ უდიდეს საეკლესიო და საერო დღესასწაულს, 100 000 ქართველი მოწამის ხსენებას! ეს მსოფლიოს საოცრებაა! ისტორიას არ ახსოვს სხვა შემთხვევა, ერთდროულად 100 000 ქართველი ეწამებინათ. საქართველოსა და ქართველი ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი არაჩვეულებრივია. იცით, რომ ჩვენმა დიდმა მეფემ, ვახტანგ გორგასალმა ასეთი რამ გვიანდერძა: ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსო. თუნდაც გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის დანაბარები: ყველამ დამადგით გულზე ფეხიო. მსგავს ანდერძს მეფე კი არა, უბრალო ადამიანი არ დატოვებს. ერთი ქართველი ქალბატონი, რომელიც რუსეთში იყო გაზრდილი და ახლა ამერიკაში ცხოვრობს, ერთხელ მეკითხება: ვინ არის ქართველი? როგორ შეიძლება დავახასიათოთ ქართველი ადამიანიო? ორი სიტყვით ვუთხარი: ქართველი ადამიანი არის ცეცხლი და წყალი. როგორი შეუთავსებელიცაა ცეცხლი და წყალი, ისეთი შეუთავსებელია ჩვენი თვისებები, სურვილები; ისეთი დიდია ამპლიტუდა ქართველი ადამინის ცხოვრებისა, რომ შეიძლება არც ერთ ერს არ ჰქონდეს.
 დღეს წმიდათა 100 000-თა ქართველთა მოწამეთა ხსენებაა. ჯალალ ედ-დინმა, ამ უმკაცრესმა პიროვნებამ, დიდებით დაიწყო და ბოლოს სამარცხვინო სიკვდილი დაასრულა სიცოცხლე. ის მოკლა ადამიანმა, რომელსაც მისი სარტყელი მოეწონა. ქართლის ცხოვრებაში წერია: უმეტესი ათთა ბევრთა, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 000 ადამიანზე მეტი ეწამა. დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ მათ ღვაწლს და ვიხსენებთ დიდი მადლიერებით. მართალია ასი ათასი ქართველი ეწამა, მაგრამ მათ განამტკიცეს რწმენა და ქართველობა სხვა ხალხში. როგორც ცნობილია, სიონის ტაძარს მოხადეს გუმბათი. იქ დადგეს ამ მზაკვარი ადამიანის – ჯალალ ედ-დინის ტახტი. სიონიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გაიყვანეს და ხიდზე დააბრძანეს. ხალხს აიძულებდნენ, ფეხი დაედგათ მათთვის. ეს თითქმის არავინ გააკეთა, ამიტომ ეწამა ამდენი. ჰკვეთდნენ თავს და ყრიდნენ მტკვარში. მთელი მდინარე ქართველების სისხლით შეიღება. თოთქოს განმეორდა პირველი სამი საუკუნე. იცით, პირველ სამ საუკუნეში საშინლად დევნიდნენ ქრისტიანებს. თუმცა იმდენად დიდი იყო რწმენა ქრისტიანებისა, რომ ბავშვები, ახალგაზრდები დადიოდნენ ქუჩაში და ყვიროდნენ: მე ვარ ქრისტიანი! ეს გახლდათ სულის ზეიმი და განმეორდა აქაც!
 მინდა, დღეს ორიოდე სიტყვით ვთქვა, თუ რა აძლევდა ძალას ამ ადამიანებს, საიდან პოულობდნენ ამ სულიერ მადლს? უპირველეს ყოვლისა, ისინი გენებით იყვნენ ქართველები. გენებს, წინაპრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გადადის თაობიდან თაობაზე ისევე, როგორც ცოდვა და მადლი. და აი, იმდენად ძლიერია ქართველის გენეტიკა, რომ ვერავითარმა მტერმა ვერ მოსპო ქართული სული და ქართველი ადამიანი, სულიერი სიძლიერე დარჩა ჩვენში. რა ახასიათებს ქართველ ადამიანს? ერთ-ერთ ენციკლოპედიაში წერია, რომ ქართველები ყველაზე ლამაზი რასაა. ქართველ ადამიანს სულის სიმტკიცე ახასიათებს. თუ ადამიანი დაიჯერებს, რომ ესა თუ ის მოვლენა საჭიროა, ის სიცოცხლეს შესწირავს მის განხორციელებას. ქართველი ადამიანი მოსიყვარულეა. ღმერთმა დაგვაჯილდოვა ისეთი მადლითა და თვისებით, რომელიც გააჩნია თვით უფალს. წმ. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი არის სიყვარული. აი, ეს სიყვარული მოგვანიჭა უფალმა და ჩვენ ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისთვის. სიძულვილიც შეგვიძლია, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. არ ძალგვიძს, სიძულვილი და ბოროტება ვატაროთ გულში. ადამიანი, რომელიც ამას ატარებს, უპირველეს ყოვლისა, თვითონ ისჯება და იტანჯება. მე მინახავს ერთი ფილმი, რომელიც რუსეთში გაკეთდა. იქ ასეთი სიტყვებია: ქართველები ცოტათი ბავშვები არიანო. დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენ ბავშვები ვართ! თავად უფალი ამბობს: თუ არ იქნებით ბავშვები, ვერ შეხვალთ სასუფეველშიო. გენეტიკა, რწმენა, აღზრდა – ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ცხოვრებასა და ადამიანის თვისებებზე. ქართველი ადამიანი მოწყალეა. შეიძლება არ შეგვიძლია შიო მღვიმელის მსგავსი დიდი მოღვაწეობა, მაგრამ შეგვიძლია მოწყალება, დახმარება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენში უარყოფითი არაა. უარყოფითიც ბევრია. ერთხელ გითხარით კიდეც, ჩამოწერეთ უარყოფითი თვისებები ერთ ფურცელზე და მეორეზე – დადებითი, მაგრამ ერთმა, ორმა გააკეთა ეს და მერე დაავიწყდათ. ახლა შეგახსენებთ, ველოდები თქვენგან ამ ნაწერებს. არა მარტო უნდა დაწეროთ უარყოფითი თვისებების სახელები, არამედ ისიც, როგორ გავთავისუფლდეთ ამ თვისებებისგან, როგორ დავძლიოთ თავს. წმიდა მამები ამბობენ: ვინც დაძლევს საკუთარ თავს, ის დაძლევს მსოფლიოს.
 დღეს ბევრი ლაპარაკია იმის შესახებ, ბიძინა ივანიშვილი იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, უნდა იყოს, რადგან ის ქართველია. ვფიქრობ, ყოველი სულითა და ხორცით ქართველი ადამიანი, საქართველოშია დაბადებული თუ უცხოეთში, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს და ძალიან მაწუხებს, რომ ასეთმა უბრალო საკითხმა ასეთი არასასურველი კამათი გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მიანიჭებს მას მოქალაქეობას.
 ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან არასასურველი მდგომარეობაა ზემო სვანეთში. იქ, როგორც უვარგისი შენობა, დაანგრიეს ყოფილი მუზეუმი და ის ძვირფასი ხატები და ნივთები, რომელსაც ინახავდა ქართველი ხალხი, ჩაკეტეს სპეციალურად გაკეთებულ სათავსოებში. ეს იმდენად მოუხერხებელი და საშიშია, რომ შეიძლება ყინვამ, თოვლმა თუ თოვლჭყაპმა დააზიანოს ეს ხატები. ერთადერთი გამოსავალია: ხატები დაბრძანდეს წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში და იყოს იქ, სანამ აშენდება კარგი მუზეუმი, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველაფერი. ეს პრობლემა თითქოს უკვე წყდებოდა, მაგრამ დღემდე არაა მოგვარებული. ჩამოდიან სვანები თბილისში, აწუხებენ ხელისუფლებას, მოდინ ჩემთან. სულ უბრალო საკითხზე რაღაც არასასურველი მსჯელობა და კამათია. ხომ შეგვიძლია, გავუგოთ ერთმანეთს?! აუცილებლად უნდა გვესმოდეს ერთმანეთის! არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს საქართველო ვინმეზე მეტად გვიყვარს. ჩვენი სანუკვარი სამშობლო ისეთივე ძვირფასია სხვისთვის, როგორც ჩემთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისათვის. იქ მცხოვრებ ქართველებს შეიძლება უფრო უყვართ სამშობლო, რადგან საკუთარ მიწა-წყალს არიან მოწყვეტილები. ირანში რომ ვიყავი, ფერეიდნელ ქართველებს შევხვდი. ისინი მეუბნებოდნენ: ღმერთს ებარებოდეთ, დაგვიკოცნეთ ქართული მიწაო. იქ სულ რაღაც საათი თუ საათნახევარი ვიყავით და ლაპარაკიც არ იყო საჭირო. მთელი დარბაზი ტიროდა და ჩვენც მათთან ერთად. ერთმანეთს რომ ვუყურებდით, ცრემლი გვახრჩობდა. სანამ დარბაზში ვისხედით, იქაურმა ქართველებმა მოტოციკლეტების ესკორტი მოამზადეს და რამდენიმე კილომეტრზე გვაცილებდნენ.
 ხელისუფლების დახმარებით ერთი კარგი საქმე გავაკეთეთ: ვიყიდეთ სახლი, რომელიც დაახლოებით 10 ოთახისგან შედგება, სადაც ჩამოდიან ირანიდან ქართველები და პირველ დღეებში, სანამ ბინას ნახავენ, იქ იმყოფებიან. ეს ძალიან მახარებს და მშვიდად ვარ, რომ თავშესაფარი აქვთ.
 კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს და შევთხოვ უფალს, ამ ასი ათასი ქართველი ადამიანის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, დაამშვიდოს და გაამთლიანოს საქართველო და ჩვენი ეკლესია.
  ჩვენთან არს ღმერთი!
კატეგორია: პატრიარქის ქადაგებები | ნანახია: 1350 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 1174
ლოცვები დილის 6 საათზე
კომენტარები: 0 ნანახია: 1175
შენ ხარ ვენახი-საგალობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1175
მამკოდის მამათა მონასტერი
კომენტარები: 0 ნანახია: 1175
ხატწერა
კომენტარები: 0 ნანახია: 1176
სამარიტელის კვირა (ნაწ.2)
კომენტარები: 0 ნანახია: 1177

სტატისტიკა