მთავარი » 2011 » ნოემბერი » 9 » მოქვის ტაძარი
2:13 PM
მოქვის ტაძარი

 მოქვის საკათედრო ტაძარი აფხაზეთში, სოფელ მოქვში, ოჩამჩირის რაიონში მდებარეობს. იგი წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას, რომელსაც სამხრეთით და ჩრდილოეთით სამლოცველოები ახლავს. ქართული ისტორიული წყაროების ცნობით, აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957-967 წწ.) "აღაშენა ეკლესია მოქისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ”. მოქვის სამნავიანი ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა, სადაც მიმდინარეობდა ხელნაწერთა გამრავლება, ძველი ნუსხების განახლება. დღემდე მოღწეულია მოქვის წიგნთსაცავის ხელნაწერები, რომლებიც გვამცნობენ მოქველ მოღვაწეთა სახელებს. მოქვის სიძველეებიდან განსაკუთრებით მაღალი ღირებულება აქვს მოქვის ოთხთავს.

  მოქვის ეკლესია, რომელიც ასეთ დიდ კულტურის კერას წარმოადგენდა, მდიდარი იყო ეპიგრაფიკული ძეგლებითაც, მაგრამ დღეს შემორჩენილია მხოლოდ მოქვის სამრეკლოს წარწერა, რომელშიც მოქველი ეპისკოპოსი გრიგოლია დასახელებული. აღსანიშნავია 1659 წელს იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის მიერ მოქვის მონასტერში ნანახი წარწერა: "მოიხატა იმპერატორ ალექსი კომნენის და დავით აფხაზთა მეფის დროს”. მოქვის ტაძარი დავით აღმაშენებლის ხანაშიც საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ, მაგრამ იმ დროის ფრესკული მოხატულობის კვალი დღეს არსად ჩანს.

 აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე: "მოქვის ტაძარი ბევრად უფრო მონუმენტურია, ვიდრე ანაკოფია და ლიხნე. გარკვეული თვალსაზრისით, ეს უნიკალური ძეგლიც კი არის. უფრო რთულია გეგმაც: დასავლეთის მკლავი დაგრძელებულია ბოძების ერთი წყვილის დამატებით: სამხრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე, დამატებულია სამლოცველოების მწკრივები, რომლებიც თითქოს მეოთხე და მეხუთე ნავებს ქმნიან (თუმცა ნამდვილად ნავები არ არის). ნართექსისა და სამლოცველოების თავზე აქაც მეორე სართულია. ის მთელ ეკლესიას უვლის გარს სამი მხრიდან. გუმბათი აქაც ოთხ ცალკე მდგომ ბოძს ემყარება. აღმოსავლეთის მხრივ სამი ძლიერ შვერილი აფსიდია. ამ დამატებათა წყალობით, ეკლესიის შიდა სივრცე გაზრდილიც არის და რიტმულად გართულებულიც. მიღწეულია გარკვეულად საზეიმო შთაბეჭდილება, რასაც ძირითადი კორპუსისა და გუმბათის ყელის დიდი სიმაღლეც უწყობს ხელს. აქ განსაკუთრებით საგრძნობია პროპორციულ შეფარდებათა შეცვლა წინა ეპოქის ძეგლებთან შედარებით. ზემოთ რომ ძეგლის უნიკალურობა ვახსენეთ, ვგულისხმობდით სამხრეთისა და ჩრდილოეთის სამლოცველოთა მწკრივებს, რომლებიც არსებით კვალს ამჩნევს შენობის ინტერიერსაც და გარეგნობასაც. ასეთი რამ სხვაგან არსად გვხვდება. როგორც შუა საუკუნეების ყველა დიდი ქართული სატაძრო ანსამბლი, მოქვიც კულტურული ცენტრი იყო, სადაც ინტენსიური მოღვაწეობა გახლდათ გაჩაღებული.”

კატეგორია: ეკლესია-მონასტრები | ნანახია: 1448 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

შენ ხარ ვენახი-საგალობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1185
სამარიტელის კვირა (ნაწ.1)
კომენტარები: 0 ნანახია: 1185
სამარიტელის კვირა (ნაწ.2)
კომენტარები: 0 ნანახია: 1185
ლოცვები დილის 6 საათზე
კომენტარები: 0 ნანახია: 1185
მამკოდის მამათა მონასტერი
კომენტარები: 0 ნანახია: 1186
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 1186

სტატისტიკა