8:24 PM გრებნევის ღვთისმშობელი | |
გრებნევის ღვთისმშობლის ხატი მოსკოვში, ლუბიანკაზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იმყოფება. როდესაც დიდი მთავარი დიმიტრი დონელი მამაის (ოქროს ურდოს სარდალი) დამარცხების შემდეგ დონის სანაპიროდან მოსკოვში ბრუნდებოდა და ქალაქ გრებნას მიაღწია, მას მოსახლეობა გამოეგება და გადმოაბრძანეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სასწაულებით იყო განდიდებული და გრებნევისა ეწოდებოდა.
დიდმა მთავარმა ხატი სარწმუნოებით მიიღო და მოსკოვის მიძინების ტაძარში მოათავსა. დონელის შვილიშვილის შვილმა მთავარმა იოანე ვასილის ძემ, როდესაც ნოვგოროდის დასალაშქრად ემზადებოდა, აღთქმა დადო, რომ ღვთისმშობლის მიძინების სახელზე მისი სასწაულთმოქმედი ხატისათვის, რომელიც ლაშქრობაში მიჰქონდა, ტაძარი აეგო. 1427 წელს შელონის ბრძოლაში მან გამარჯვება მოიპოვა და ბრძანა, მოსკოვში აღემართათ ხის ეკლესია, რომელშიც მის მიერ ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით შემკული ხატი მოათავსეს. მან ინება, ხატის კიოტზე ღვთისმშობლის დაუჯდომელი და სადიდებელი ლოცვები ამოეკვეთათ. ამით მადლობა შესწირა ღვთისმშობელს თავისი ძის – ვასილის დაბადებისათვის. 1612 წელს ამ ხატით რუსებმა პოლონელები მირქმის ქუჩაზე დაამარცხეს. 1687 წელს გრებნევის ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლმა მოიცვა. ხატის გამოტანა ვერ მოასწრეს, მაგრამ ის სასწაულებრივად გადარჩა და მემატიანის სიტყვით "ჰაერში აღვიდა”. 1654 წელს ხატის მიერ აღსრულებულ სასწაულთა შორის გამოირჩევა ერთ-ერთი: რამდენიმე ბოროტისმზრახველმა ეკლესიაში შეაღწია, რათა ღვთისმშობლის ხატი გაეძარცვათ, მაგრამ ძარცვის დაწყებისთანავე, საშინელმა ალმა ისე დაწვა ისინი, რომ უკან გამოსვლა ვეღარ შეძლეს, როცა შეიპყრეს, ყველაფერი თვითონვე აღიარეს და ცოდვა ცრემლით მოინანიეს. 1711 წელს ეკლესია დაძველდა და ხატიც განახლებას მოითხოვდა, მართლაც, ტაძარი შეაკეთეს, ხოლო ხატი პეტრე დიდის დის, მეფის ასულ ნატალიას სურვილით სოფელ პრეობრაჟენსკოეში ჩააბრძანეს მასთან, ის განაახლეს, შეამკეს და მეფის ასულმა თავად გამოაცილა იგი პრეობრაჟენსკოეს ეკლესიიდან. კვლავ თავის ადგილას მოათავსეს და მის წინაშე პარაკლისი აღავლინეს. ეკლესიის განახლებისთვის განსაკუთრებით იბრძოდა სტეფანე იავორსკი. გრებნევის ტაძრისკენ დღემდე მიილტვიან მლოცველები, რათა თაყვანი სცენ მის ყოვლადწმიდა გამოსახულებას. ის დღემდე განკურნავს და ნუგეშს მოუვლენს ყველას, ვინც სარწმუნოებით მიმართავს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |