მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » ატენის სიონი (VII ს.)
11:23 AM
ატენის სიონი (VII ს.)
 ქ. თბილისიდან 104 კმ–ის დაშორებით, გორის რაიონში მდებარეობს ატენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, რომელიც VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. გეგმით იგი ტეტრაკონქს წარმოადგენს და ზედმიწევნით იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურას.
 განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ატენის სიონის ინტერიერი ახდენს. ტაძრის XI საუკუნით დათარიღებული ფრესკები შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.
 არანაკლებ საინტერესოა ატენის სიონის მრავალრიცხოვანი წარწერები. ბევრი მათგანი მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობას შეიცავს. ტაძარი რამდენჯერმეა შეკეთებული. მათგან ყველაზე საფუძვლიანი X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. სწორედ ამ დროსაა შესრულებული რელიეფების უმეტესობაც. 1968-1975 წწ. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ შეაკეთა და გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები, გუმბათის სახურავი. 1983 წ. კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით, გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა. ტაძარს შესასვლელები სამრეთით და ჩრდილოეთით აქვს.


 ტეტრაკონქის ტიპის ტაძარი ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. კომპოზიციური ბირთვია გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმლიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუბმათის წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის სფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით — ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთისა საქალებოა. საკურთხეველი იატაკიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აღმოსავლეთი აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა — ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია მსახურთათვის. საკურთხეველში სამი სარკმელოა.

 ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნისის II ნახევარში. ახალი მოხატულობის შემქმნელებს ტაძრის თავდაპირველი დეკორის ჩინებული ბათქაში გამოუყენებიათ და ქართული მონუმენტური მხატვრობისათვის ტრადიციული "მშრალი” ხერხით უხატიათ მასზე. წერის მანერისა და ტექნიკური ხერხების მიხედვით რამდენიმე მხატვრის ხელი გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, მხატვრობის იკონოგრაფიული და მხატვრული ჩანაფიქრი ერთიანია. მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა ძველ ქართულ ტრადიციას მისდევს და ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრება რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. აქ ღვთისმშობლის სახეს მთავარი ადგილი უჭირავს, მისი ცხოვრების ფრაგმენტები კი სცენების ვრცელი ციკლით არის წარმოდგენილი. ტაძრის მხატვრობა ქართული მონუმენტური ფერწერის საეტაპო ნაწარმოებად ითვლება. ატენის სიონში IX-XI საუკუნეების მრავალი ლაპიდარული და ფრესკული წარწერაა შემონახული, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს შეიცავენ.
 ტაძრის ფასადებს ამკობს რელიეფები, სარკმელთა ჩუქურთმიანი თავსართები, მხატვრულ-კომპოზიციურად ატენის სიონის რელიეფები ბევრად ჩამოუვარდება მცხეთის ჯვრის რელიეფებს, ამასთან ისინი ორგანულად არ ნაწილდებიან ფასადებზე. სტილისტური ანალიზი ცხადყოფს, რომ რელიეფები სხვადასხვა დროს არის შექმნილი. ნაწილი ტაძრის აშენების თანადროულია, უმეტესობა კი X საუკუნის II ნახევრის სომხურ რელიეფებს ემსგავსება.
 ატენის სიონში ათწლეულების განმავლობაში ღვთისმსახურება შეწყვეტილი იყო. დღეისათვის ტაძარი მოქმედია. ის სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
კატეგორია: ეკლესია-მონასტრები | ნანახია: 1224 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

შენ ხარ ვენახი-საგალობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1185
სამარიტელის კვირა (ნაწ.1)
კომენტარები: 0 ნანახია: 1185
სამარიტელის კვირა (ნაწ.2)
კომენტარები: 0 ნანახია: 1185
ლოცვები დილის 6 საათზე
კომენტარები: 0 ნანახია: 1185
მამკოდის მამათა მონასტერი
კომენტარები: 0 ნანახია: 1186
ხატწერა
კომენტარები: 0 ნანახია: 1186

სტატისტიკა