მთავარი » 2011 » ნოემბერი » 10 » “იავნანას” პრიორიტეტები და უახლესი გეგმები
1:13 PM
“იავნანას” პრიორიტეტები და უახლესი გეგმები
 30-30 – ეს ნომერი უკვე ყველა ქართველისათვის კარგად ნაცნობია და ქველმოქმედებასთან ასოცირდება. "ერთად გადავარჩინოთ მომავალი,”- პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული ფონდი "იავნანა” პირველი დღიდანვე ამ დევიზს მიჰყვება და შვიდი წლის განმავლობაში 1000-ზე მეტ ბავშვს გაუწია სხვადასხვა სახის დახმარება. მის საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობას მსოფლიო ვარსკვლავები უსიტყვოდ თანხმდებიან. რა პრიორიტეტები აქვს "იავნანას”, რა სახის დახმარებას უწევს ბავშვებსა თუ მოზარდებს? "ამბიონთან” ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ჯორბენაძემ ისაუბრა. მან, ასევე, თვის ბოლოს დაგეგმილი ლექსო თორაძის კონცერტის დეტალებიც გაგვაცნო.
 რა უნდა გააკეთოს ოჯახმა ან პიროვნებამ "იავნანასაგან” დახმარების მისაღებად? რა პროცედურების გავლა დასჭირდება მას ამისათვის?
 სოციალურად დაუცველი ოჯახები ჩვენ წერილობით მოგვმართავენ, რასაც თან უნდა ახლდეს სათანადო დოკუმენტაცია და სოციალური მუშაკის დასკვნა. ჩვენ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობდით განათლების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტთან. მათთან ერთად ვახორციელებდით დეისტიტუციონალიზაციის პროგრამას, რაც ბავშვთა სახლებიდან ბავშვების ბიოლოგიურ და მიმღებ ოჯახებში დაბრუნებას გულისხმობდა. ასევე აქტიურად ვმონაწილეობდით პრევენციის პროგრამაში, ანუ ვეხმარებოდით იმ ოჯახებს, რომლებშიც უკიდურესი გაჭირვებისა და უსახლკარობის გამო ჩნდებოდა ბავშვების ინსტიტუციაში გადაყვანის საშიშროება. ასეთი საშიშროება ძირითადად მრავალშვილიან ოჯახებში ჩნდება ხოლმე. ამჟამად ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. სოციალური მუშაკები სწავლობენ ოჯახების მდგომარეობას და გვიგზავნიან დასკვნას შერჩეული ოჯახის მდგომარეობის შესახებ.
 ცხადია, დახმარების თხოვნით ბევრი მოგმართავთ. რის მიხედვითგანსაზღვრავთ, ვის უნდა დაეხმაროს ფონდი პირველ რიგში? რა არის თქვენთვის უფრო პრიორიტეტული?
 2004 წელს, როდესაც ფონდი "იავნანა” დაარსდა, ბავშვთა სახლებში 5200 ბავშვი იყო და აქედან სრულიად ობოლი – 156. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ბავშვების ოჯახებში დაბრუნება გახდა, ვისაც ჰყავდა დედა და მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების გამო უწევდა მასთან განშორება. ჩვენთვის პრიორიტეტი დღემდე ოჯახების გამთლიანებაა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც უკიდურესი მდგომარეობა აქვთ.
 რამდენად გაქვთ კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვისაც უკვე დაეხმარა "იავნანა”? უშუალოდ დახმარების შემდეგ თუ აკვირდებით, როგორ გრძელდება მათი ცხოვრება?
 ჩვენ გვაქვს საინფორმაციო ბაზა და როგორც კი ჩნდება რაიმე სახის დახმარების გაწევის საშუალება, მაშინვე ვუკავშირდებით ჩვენს ოჯახებს.
 წლების მანძილზე ვთანამშრომლობდით გაეროს სასურსათო პროგრამასთან და ჩვენს ბაზაში აღრიცხულ ოჯახებს ყოველთვიურად მიეწოდებოდათ საკვები პროდუქტები. მათ ასევე ეხმარებიან ჩვენი სამეგობროები, "იავნანას” 47 სამეგობრო ჰყავს. ისინი ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას უწევენ ჩვენს ოჯახებს. ცოტა ხნის წინ სამეგობრო შექმნა სკოლა "ოლიმპმა”, მათ შვიდშვილიან ოჯახზე აიღეს მეურვეობა.
 საერთოდ, ოჯახის შემდგომი განვითარების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, რომ მშობლები ჩავრთოთ დასაქმების პროგრამაში. მხოლოდ სხვის იმედად ყოფნა ადამიანს გარკვეულ უნარებს უქვეითებს. ჩვენ გვქონდა სამწუხარო შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა ოჯახმა არაფრის კეთება და დახმარების თხოვნა საკუთარ პროფესიად გაიხადა. ისინი საგანგებოდ ქმნიდნენ სავალალო და გულისამაჩუყებელ სურათს, აზიანებდენ სახლს, ბავშვებს აცვამდნენ დაკონკილ ტანისამოსს და ჟურნალისტებს იწვევდნენ, ნახეთ რა დღეში ვართო. ჩვენს გაგზავნილ საკვებ პროდუქტებს, როგორც მეზობლებმა გვითხრეს, ყიდდნენ. ბავშვების მოუვლელობა და უნიათო ცხოვრება იქამდე მიიყვანეს, რომ საბოლოოდ ინფექციური დაავადება Gგაჩნდა ამ ოჯახში და ძალით გადაიყვანეს საავადმყოფოში სამკურნალოდ.
 ამ წლების განმავლობაში სულ რამდენ ადამიანს გაუწია დახმარება ფონდმა?
 ჩვენ სხვადასხვა სახის პროგრამები გვაქვს და ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გადაცემული ბინების რაოდენობა, როგორც უკვე გითხარით, 64-ია, 800-ზე მეტ ბავშვს დეისტიტუციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში დავეხმარეთ. 113 სტუდენტს გავუწიეთ თანადგომა და ძალიან ვამაყობთ ბევრი მათგანით, მაგალითად, დათუნა ალადაშვილს ნიუ-იორკის ჯულიარდის სასწავლებელში მოხვედრაში დავეხმარეთ და მან უკვე კარნეგი-ჰოლში შეძლო კონცერტის გამართვა.
 "იავნანა” განაგრძობს პრევენციისა და რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართულობას, რაც ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციას გულისხმობს. ანუ ჩვენი ფონდისთვის პირველი რიგის საკითხად კვლავ ბავშვთა სახლებიდან ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება და ინსტიტუციაში მოხვედრისგან სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების შვილების პრევენციაა. ამ პროგრამის ფარგლებში 29 ნოემბერს 9 შვილიან ოჯახს გადაეცემა სახლის გასაღები. ჩვენ, ასევე, განვაგრძობთ აგვისტოს ომის დროს დაობლებული 130 ბავშვის ყოველთვიურ დახმარებას, ეს პროგრამა კი 2008 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული უკვე სამი წელია ხორციელდება. Gგვყავს შვილობილი დიტო რაზმაძე, რომელსაც გორის დაბომბვისას დედ-მამა დაეღუპა.
 ფონდ "იავნანას” ყველაზე დიდ წარმატებად სიკეთის გარშემო მთელი ჩვენი საზოგადოების გაერთიანება მიმაჩნია. აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაჭირვებულთა დახმარება. არასოდეს დამავიწყდება, ჩვენს ყულაბებში ჩაგდებული ხურდა ფულით ერთი არაჩვეულებრივი ოჯახისთვის კასპის რაიონში როგორ შევიძინეთ პირველად ბინა.
 ახლო მომავალში თუ იგეგმება მასშტაბური ღონისძიება და ამჯერად ვის დასახმარებლად იქნება ის?
 ჩვენს უახლოეს საქველმოქმედო საღამოს 9 შვილიანი ოჯახი ელოდება, მათ ბინის გასაღები გადაეცემათ. თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში 29 და 30 ნოემბერს ლექსო თორაძე გამართავს კონცერტს. მგონია, რომ ლექსო თორაძე განსაკუთრებულად მოენატრა ქართველ მსმენელს, შემიძლია გითხრათ, ეს ჩვენთვის საოცნებო პროექტია. ყველაზე რთული საკონცერტო რიცხვების შეთანხმება იყო. პაატას ყოველ მეორე დღეს სპექტაკლები აქვს და ბატონი ლექსოც ძალიან დაკავებულია, დირიჟორი ვახტან მაჭავარიანიც. მოკლედ, როგორც იქნა, შესაძლებელი გახდა მათი შეკრება. ლექსო თორაძე, თავისთავად, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია, რომელმაც ათეული წლების წინ, ურთულეს პერიოდში საქართველოს სახელი მსოფლიოში გაიტანა. მოგეხსენებათ, იმ დროს რა ძნელი იყო ხელოვანს, შეიძლება ითქვას, უცნობი ქვეყნიდან მხოლოდ საკუთარი ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით დაემკვიდრებინა საკუთარი თავი. ლექსომ არათუ უბრალოდ დაიმკვიდრა თავი, არამედ მსოფლიო აღიარება დაიმსახურა. იგი კონცერტებს მართავს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის, ბოსტონის, ჩიკაგოს, ფილადელფიის, ლოს-ანჟელესის ორკესტრებთან ერთად. ინდიანას უნივერსიტეტში უმაღლესი საშემსრულებლო დონის სტუდია ჩამოაყალიბა, რომელმაც მსოფლიო მუსიკალური კრიტიკის აღფრთოვანება დაიმსახურა.
 მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ხელოვანს, ორგანიზაციასა და ადამიანს, ვინც ჩვენს პროექტებში მონაწილეობს. "იავნანა” ყველა იმ ადამიანის ფონდია, ვისაც ერთხელ მაინც დაურეკავს ნომერზე 30-30 და თუნდაც 5 თეთრი ჩაუგდია ჩვენს ყულაბაში.
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1089 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

ლოცვები დილის 6 საათზე
კომენტარები: 0 ნანახია: 1079
აღსარების შემდეგ წასაკითხი ლოცვანი
კომენტარები: 0 ნანახია: 1079
გრებნევის ღვთისმშობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
ბულიმიის სრული განკურნება რთულია
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
ანჩისხატი
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
ქართული გალობა
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
იოსებ ალავერდელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1081
ნარკომანი და მოთამაშე
კომენტარები: 0 ნანახია: 1081

სტატისტიკა