ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (XII-XIIIსს.) - 24 ოქტომბერში 2011 - მართმადიდებლური ვებ საიტი.
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 24 » ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (XII-XIIIსს.)
4:33 PM
ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (XII-XIIIსს.)
ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მდებარეობს ქართლში, რუისისა და ურბნისის ეპარქიაში, ქ. ქარელიდან 12 კილომეტრის დაშორებით. თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. იგი ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა.
 ყინწვისის კომპლექსი მოიცავს წმიდა ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიებს, გალავანი, კოშკი, სამრეკვლო. სამონასტრო ცხოვრება X ს-დან აქტიურად მიმდინარეობდა, XIX ს-ში შეწყდა და 1997 წლის 22 მაისს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აქ მამათა მონასტერი ამოქმედდა.

 თამარ მეფის დროს აგებული ტაძარი საინტერესო ხუროთმოძღვრული ფორმებითა და განუმეორებელი მოხატულობით იქცევს ყურადღებას. აქ შემორჩენილია გიორგი III, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტული გამოსახულებები. XV საუკუნეში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ზაზა ფანასკერტელმა დასავლეთით ეგვტერი მიაშენა. ეგვტერში შემორჩენილია ამავე დროს შესრულებული მოხატულობა.
 მსოფლიოში აღიარებულია, რომ ყინწვისის XII-XIII საუკუნის მხატვრობა უნიკალურია.
 წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი აგურითაა ნაგები, ამიტომ არა აქვს ქართული ტაძრებისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმები. ტაძარს სამი შესასველი აქვს – ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის. შენობა შიგნით თავიდანვე შეულესავთ და მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.
 საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. ფონისთვის გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი, შარავანდებისათვის – ოქრო. ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები – მეტყველი. ყველა სცენის შინაარსს თუ წმინდანის ვინაობას განმარტავს ქართული ასომთავრული წარწერები.
 აქ შემორჩენილია წმ. ნიკოლოზის ცხოვრების საკმაოდ  გრძელი ციკლი, წმ. ნინოს ნახევარფიგურა სახარებით ხელში (სამხრეთ ბუჯზე) და ოთხი წმ. ასურელი მამა დასავლეთ კედელზე, მეორე სართული კარის ორივე მხარეს.
 მოხატულობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩრდილოეთი კედლის (შესასვლელიდან მარცხნივ) ქვედა რეგისტრში გამოსახული ბაგრატიონთა გვარის მეფეთა საზეიმო პორტრეტები: გიორგი III; მისი ასული თამარ მეფე, თამარის ვაჟი და მემკვიდრე გიორგი ლაშა ვედრებით მიმართულნი აღსაყდრებული ქრისტეს ხატისკენ.
 მათ ზემოთ გამოსახულია აღდგომის მაუწყებელი ანგელოზის ფიგურა, რომელიც ფერადოვნული და ხაზობრივი გადაწყვეტის დახვეწილობით შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების შედევრებს განეკუთვნება და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების სიმბოლო გახდა.
 სამეფო ჯგუფის პირისპირ, სამხრეთ კედელზე გამოსახულია ჭყონდიდელი და თამარ მეფის მწიგნობართუხუცესი ანტონ გლონისთავიძე, წმ. ნიკოლოზის წინაშე ვედრებით მიმართული ტაძრის მოდელით ხელში.
 დასავლეთი მინაშენის კედლები მოგვიანებით, XVII-XVIII ს-ში შეამკვეს განკითხვის დღის ვრცელი კომპოზიციით, რომელიც მთელს სივრცეს ავსებს. აქვე, ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია XVII ს-ის ქართველი მოღვაწე თავადი ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი, ცნობილი თავისი საექიმო წიგნით.
 ღვთისმშობლის ეკლესიის საკურთხეველშიც შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული მოხატულობა (XIII ს-ის შუა ხანა), რომელიც უნიკალური იკონოგრაფიული პროგრამით და მაღალი მხატვრული დონით გამოირჩევა.
 შუა სარკმლის ღერძზე აგურის სატრაპეზოა. საკურთხეველი ერთი საფეხურით შემაღლებულია. მოგვიანებით ნაგები (XVI-XVII სს.) აგურის კანკელი საკურთხევლის საზღვრებიდან წინაა წამოწეული. კანკელის ცენტრში თაღოვანი აღსავლის კარია, გვერდებზე ერთ ხაზზე განლაგებულია სამ-სამი თაღი. განაპირა თაღები ხატის შესანახი ნიშებია. საკურთხევლის ორივე მხარეს ორსართულიანი სათავსებია. პირველ სართულზე აფსიდიანი, ცილინდრული კამარით გადახურული სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც ეკლესიის ძირითად სივრცეს კარებით უკავშირდებიან. სათავსებს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვთ. II სართულზე ასეთივე გეგმის თითო საიდუმლო ოთახია. ამ ოთახებში მოხვედრა შეიძლება ქვედა სართულის გადახურვაში დაყოლებული ხვრელიდან მისადგმელი კიბით.
 ეკლესიის ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავები მოკლე და თითქმის თანაბარია. დასავლეთ ფასადის ცენტრში მოურთავი სარკმელია. ჩრდილოეთის და სამხეთის ფასადები ერთნაირია. გუმბათის ყელზე თორმეტი უწყვეტი დეკორატიული თაღია, რომლებიც სარკმლების არეებს საზღვრავენ.
 1964 წელს ჩატარდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის რესტავრაცია, ტაძრის მხატვრობა კი 1964-66 წწ. გაიწმინდა.
კატეგორია: ეკლესია-მონასტრები | ნანახია: 739 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 gigasabaa   (2011-11-05 12:07 PM)
თამარ მეფის დროს აგებული ტაძრები

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
კომენტარები: 0 ნანახია: 270
ანჩისხატი
კომენტარები: 0 ნანახია: 274
სამარიტელის კვირა (ნაწ.2)
კომენტარები: 0 ნანახია: 276
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 279

სტატისტიკა